შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოველ წუთს მძაფრდება. ინტენსიური საჰაერო შეტევები ისევ განახლდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტის მიმართულებით, სადაც განგაშის სიგნალი დღეს რამდენჯერმე ჩაირთო.
"კურიერის" კორესპონდენტის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში რამდენიმე ადგილას სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკვე შეიზღუდა სომხეთიდან მოქალაქეების შესვლა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
მდგომარეობის დასტაბილურებას ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებში ხედავენ. დასავლეთი აზერბაიჯან-სომხეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, კონკრეტულად კი, ანკარას კონფლიქტში ჩარევისგან თავის შეკავებას სთხოვენ.
დასავლეთის თხოვნის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს მხარდაჭერას კვლავ ღიად აგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში ბაქოს სამხედრო დახმარებასაც ჰპირდება.
არცერთი მხარე ცეცხლის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს სანამ მოწინააღმდეგე კონფლიქტის ზონიდან ჯარებს არ გაიყვანს. ზუსტ რიცხვს გარდაცვლილების შესახებ ორივე ქვეყანა განსხვავებულს ავრცელებს.
მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვის გამო, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარკვეული დროით, თავშესაფარში ყოფნა "კურიერის" გადამღებ ჯგუფსაც უწევდა. ჩვენი კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი, ამ დრომდე ელოდება აზერბაიჯანში შესვლის ნებართვას ოფიციალური ბაქოსგან, რათა მოვლენების გაშუქება მეორე მხრიდანაც შევძლოთ.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი