29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
რუსეთს დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვადა 12 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა - ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციას ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის ვადა 2020 წლის 12 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. თუ მოსკოვი ამჯერადაც უარს იტყვის 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, სტრასბურგი წლის ბოლოს შუალედურ რეზოლუციას მოამზადებს და ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურებს დაიწყებს, მანამდე კი რუსეთს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მოსკოვის მიმართ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მკაცრ შეფასებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კომპენსაციების მიღების საკითხს რთულ და ხანგრძლივ პერსპექტივად მოიაზრებენ.

"იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში დავკარგეთ ძალიან ბევრი წელი, რომ თავის დროზე არ ვიყავით ამ კომპენსაციების დაბეჯითებით მომთხოვნი და მივუშვით პროცესი ბოლომდე, იმის გამო, რომ ჩვენი გამოისობით, აღარ გვყავს და დავკარგეთ ისეთი მეგობრები, რომლებიც ამ საკითხზე მოახდენდნენ ზეწოლას რუსეთზე, იმის გამო, რომ ევროსაბჭოს შიგნითაც დავკარგეთ პოზიციები, მოსალოდნელი არის, რომ ეს საკითხი, სამწუხაროდ, კიდევ გაჭიანურდება,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საკითხის გაჭიანურებაში ხელისუფლების წვლილსაც ხედავს. 

"რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება. საკითხი მდგომარეობს იმაში, რატომ არ იღებს საქართველოს მთავრობა ხმას. ამ ერთი წლის განმავლობაში მას უნდა აეტეხა განგაში, რომელსაც ექნებოდა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვა. ეს იქნებოდა კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია 1500 ქართველისთვის 2019 წლის აპრილში უნდა გადაეხადა, რაც რუსეთმა არც პირდაპირი და არც შუამავლითი გზებით არ განახორციელა.

დღის ამბები