29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე  იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელშიც ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა დაძლეული იყოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ივანიშვილმა გასულ წლებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მოახერხა სიღარიბესთან დაკავშირებით 20 წლიანი დაღმასვლის შეჩერება და 400 ათასამდე მოქალაქე სიღატაკიდან ამოვიდა:

""ქართულმა ოცნებამ"  ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს მას.

ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები