29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
როგორი იყო საზღვრის ხაზი საქართველო-აზერბაიჯანს შორის - "კურიერმა" ექსკლუზიურად 1938 წლის ორიგინალი რუკის ფოტო მოიპოვა

"კურიერის" მიერ მოპოვებულ 1938 წლის რუკის ორიგინალის ფოტოზე კარგად ჩანს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის თითქმის საუკუნის წინანდელი მდგომარეობის შესაბამისი ხაზი. სწორედ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ფერდი, რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. გარეჯის საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 1938 წლის რუკის დედანი საგამოძიებო უწყებამ, სავარაუდოდ, ნატალია ილიჩოვასგან ამოიღო. ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი 14 წლის განმავლობაში იყო. ილიჩოვას სახლში დღეს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, თავად კომისიის წევრი კამერებთან არ ჩნდება, შესაბამისად, უცნობია, მალავდა თუ არა რუკას დღემდე შსს-ს სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი.

პარალელური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საზღვრის დამდგენი კომისიის კიდევ ერთი წევრის სახლსა და ოფისში. ივერ მელაშვილიც დღემდე სახელმწიფო უწყების თანამშრომელია. ამიტომ სამართალდამცველები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მივიდნენ. გამოძიებამ მელაშვილის სამუშაო კაბინეტიდანაც კარტოგრაფიული დოკუმენტები ამოიღო.​

ივერ მელაშვილი მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებული საზღვრის ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიებამ უკვე გამოკითხა. პროკურატურას ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში ათეულობით სხვა პირმაც მიაწოდა. მათ შორის დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონიც იყო. 

დღის ამბები