29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
კომისიის წევრების მხრიდან, სულ მცირე, დაშვებული იქნა შეცდომა - მამუკა არეშიძე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "დღის კურიერის" ეთერში დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება. მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დემარკაციის სამთავრობო კომისიის მხრიდან ხელი მოეწერა იმ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული იყო რუკის მასშტაბი. ექსპერტის თქმით, აღნიშნული შეცდომა, თუ ეს შეგნებული ნაბიჯი არ იყო, დაფუძნებული იყო 1938 წლის რუკაზე, რომლის ორიგინალი საქართველოში არც არსებობდა.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 1938 წლის რუკის მოძიებაში დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ უცხოეთში მყოფი ქართველებიც იყვნენ ჩართულნი. სწორედ ერთ-ერთი მათგანის, უცხოეთში მცხოვრები ქართველის მეშვეობითაც იქნა მოძიებული 38 წლის რუკა, საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

"ამ კომისიის წევრების მხრიდან სულ მცირე დაშვებული იქნა შეცდომა, თუ შეცდომას დავარქმევთ, თუ არ იყო ეს შეგნებული ნაბიჯი ის, რომ ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, 96 წელი რომ ახსენეთ, რომელშიც განსაზღვრული იყო რუკის ნაირსახეობა და მასშტაბი და პრინციპში, ამისი ორიგინალი არ ჰქონდათ. აბა თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, დოკუმენტს, რომელსაც იყენებ საბაზოდ და უცებ არა გაქვს ეს დოკუმენტი.

დოკუმენტის ორიგინალი საქართველოში არსებობდა 38 წლის რუკაზე მაქვს საუბარი, არსებობდა თავის დროზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლების რაღაც მონაკვეთში, მე არ შემიძლია ეს როდის იყო ზუსტად, 92-93 რომელი წელი იყო, მოკლედ - გაქრა.

გაგიკვირდებათ და რუკის ძიების პროცესი დადებითად დასრულდა. სად ვიპოვე ეს რუკა ამის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ არა მაქვს უფლება. მე შემიძლია ვთქვა უბრალოდ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ამაში ჩადებული, რომ ეს მოძიებულიყო. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და სწორედ ერთ-ერთი მათგანის ძალისხმევის შედეგად მოხდა ამ რუკის მოძიება. ბუნებრივია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აბა ქვეყანაში რომ ყოფილიყო - ჩვენც ვიპოვიდით," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დღის ამბები