29 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ადიგენის ორი სკოლა დისტანციურზე გადავიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭეჭლასა და ზანავის საჯარო სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება. გადაწყვეტილება საგანამანათლებლო დაწესებულებებმა ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით მიიღეს. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია. ჭეჭლაში COVID-19 ორ მოსწავლეს, ზანავში კი პედაგოგს და დარაჯს დაუფიქსირდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი თანასოფლელების კონტაქტები არიან.

გადავა თუ არა ონლაინსწავლებაზე სოფელ არლის საჯარო სკოლა, რომლის თანამშრომლის ცოლსაც კორონავირუსი გუშინ, 29 სექტემბერს დაუდასტურდა - ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს ინფიცირებულის ქმრის PCR ტესტირების პასუხებზეა დამოკიდებული. თუ მამაკაცი კოვიდდადებითი იქნება, დანარჩენი თანამშრომლების გამოკვლევაც ჩატარდება.

"მასწავლებლების გატესტვა ჯერ დღის წესრიგში არ არის, ინფიცირებულის მეუღლის პასუხი თუ არ მოვა“, - განუცხადა "კურიერს" ინგა ბოჭორიშვილმა.

ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 დაუდასტურდა სოფელ არალში მცხოვრებ ქალს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უდეში ინფიცირებულ ექთანთან.

30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსი 26 პირს დაუდასტურდა. აქედან 1 ინფიცირებულია ასპინძის სოფელ რუსთავში. კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული ნინოწმინდის სოფელ დიდ არაქალში. ყველაზე მეტი - 24 შემთხვევაა ადიგენში.

 

ავტორი : მაია იველაშვილი

დღის ამბები