"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც გუშინ მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მარნეულის პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა.
როგორც ჯეიჰუნ მუჰამედალი აცხადებს, უწყებაში სტანდარტული კითხვები დაუსვეს, რაზეც მან შესაბამისი პასუხები გასცა.
"მკითხეს ვიცნობდი თუ არა, მათ ვინც დამესხა თავს, რა თქმა უნდა, კითხვებს შესაბამისი პასუხები გავეცი. ჩვეულებრივი სტანდარტული კითხვები იყო. მაჩვენეს კადრები, რომელიც ეთერებშიც გავიდა და იქ მყოფი ადამიანების ამოცნობა მთხოვეს. კადრებში ჩანს ის პირი, რომელიც მთავარი მაპროვოცირებელია ამბის.
"მთავარი არხის" ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით კი, ვინაიდან თავდასხმა ხალხმრავალ ადგილას მოხდა და პოლიციელებიც ახლოს იმყოფებოდნენ, მისი თქმით, ძალიან მარტივია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მათ ეფექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.