29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"მთვრალი ადამიანები მოგვიგზავნეს, დაალევინეს უბნის ბიჭებს" - გიორგი ვაშაძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებზე საუბრობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საზოგადოების დაპირისპირებას არ შეუწყონ ხელი. როგორც ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ბოლო დროს საარჩევნო კამპანიების დროს მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა, დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა იყო მის მიერ გამართული შეხვედრის დროსაც. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას მსგავსი ინციდენტების გამოწვევა უკან უარესად დაუბრუნდება:

"გუშინწინ გვქონდა ბოგდან ხმელინცკზე შეხვედრა და მთვრალი ადამიანები მოგვიგზავნეს. იქ დაალევინეს უბნის ბიჭებს, როგორც წესი ამას ხელისუფლება აკეთებს ხოლმე. მე მათაც ვეუბნები, ხალხნო, ფიზიკური დაპირისპირება არის ისეთი რამ, რომელიც არის წითელი ხაზის გადალახვა. მე მოვუწოდებ აბსოლუტურად სულყველას სიმშვიდისკენ, წყნარად მშვიდად ვესაუბროთ ხალხს. დამერწმუნეთ, რომ თავპირის მტვრევით ვერ ვაძლევთ კარგ გზავნილს საზოგადოებას.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული ხალხი მანამდე დადიოდა შეხვედრის ადგილზე. გაოცებულია ახლა დამსხვრეული ოცნებების პარტია. გამოვრიცხავ რომ ეს იყოს ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ, ამ კუთხით არც ინტერესი არ აქვს არავის.

ისინი ხედავენ რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოდის შეხვედრაზე და ეს აღელვებთ. ზოგადად ქვეყანაში ისეთი მძიმე ფონია, ისეთი გაჭირვებაა, კიდევ უფრო დამძიმდა, აქამდე ხო გვიჭირდა, ახლა შიმშილია ქვეყანაში. ამ პირობებში ფიქრობენ რომ ვიღაცას შეაშინებენ და ვიღაცა უკან დაიხევს, მე მოვუწოდებ "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ ამის არავის ეშინია, რაც უფრო მეტს გააკეთებთ, უარესად შემოგიბრუნდებათ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები