29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ქეში გამოუშვეს არჩევნების წინ"- გიორგი ვაშაძე ამომრჩევლების მოსყიდვაზე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში ჩართულ კოორდინატორებს მოსყიდვისთვის იყენებს. 

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურება სწორედ წინასაარჩევნოდ დარიგებულმა "შავმა ფულმა" გამოიწვია. 

"ეს არის პრევენციული განცხადება. ჩვენ მოსყიდვის ფაქტებზე კონკრეტულ ფაქტებს, მასალებს ვაგროვებთ. ეს არის პირდაპირ ფულის გადახდა. ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ქეში გამოუშვეს არჩევნების წინ. იმ დაგროვილი, კორუფციული ფულიდან ნაწილი უნდათ დახარჯონ, რომ მერე ორჯერ მეტი იშოვონ. ამიტომაც გარბის ლარის კურსი. ეს ასობით მილიონია. ეს არის "კოორდინატორები“, რომელთაც არალეგალურად უხდიან ფულს. თქვენ რომ გაიაროთ რომელიმე უბანზე და იკითხოთ, არიან აქ "ქართული ოცნების" კოორდინატორები, მყისიერად გეტყვიან, რომ კი. 

ჩემს პარტიას არ ჰყავს კოორდინატორები ჩვენ გვყავს მხოლოდ ახალგაზრდა მოხალისეები, რომლებიც კარდაკარ დადიან და გამოკითხვას ატარებენ. "სტრატეგია აღმაშენებელმა" პრინციპულად უარი ვთქვით ამ მავნე პრაქტიკაზე, როცა ხდება შავი ფულით რაღაცის კეთება არჩევნებში. ვიდეომასალა ახლა არ მაქვს, მაგრამ ვაგროვებთ ვიდეომასალებს, დაელოდეთ, ყველაფერი გვექნება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები