29 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
დუმის დეპუტატი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების ინიციატივით გამოდის - მესამე დღე ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებიდან

არაღიარებული ყარაბაღის მთავრობა 87 დაღუპულის და 300-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. დანაკარგებზე სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობები არ საუბრობენ. სომხეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო საბრძოლო შეიარაღების გამოყენებას იწყებს. მიზეზად თავდაცვა სახელდება.

ღამის ინტენსიური სროლის შედეგად სომხეთი აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დანაკარგზე საუბრობს. ინფორმაციას არ ადასტურებს აზერბაიჯანი. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ განადგურებულია ე.წ "მარტუნის" ქვედანაყოფი და მძიმედ დაიჭრა პოლკოვნიკი არტემ პოღოსიანი. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია სომხური მძიმე ტექნიკის და საფრენი აპარატების განადგურების შესახებ.

აზერბაიჯანის მხარდაჭერას განაგრძობს თურქული მხარე. პროცესებში ერთვება რუსეთიც. დუმას დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და მზადყოფნას გამოთქვამენ მხარეების მოსარიგებლად. პარტია "სპრავედლივაია რასიას" ლიდერი სერგეი მირონოვი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების ინიციატივით გამოდის.

ცეცხლის შეწყვეტისკენ აზერბაიჯანს და სომხეთს დასავლეთის ლიდერები მოუწოდებენ. ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ანალოგიური მოწოდება აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსაც.

დღის ამბები