29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ნუ გამორიცხავთ, რომ ადგილი აქვს სპეკულაციას - ანრი ოხანაშვილი მარნეულის ინციდენტზე

ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებას, რომ მარნეულში "ევროპული საქართველოს" აქტივისტის ტირის თოფით დაჭრა სავარაუდოდ "ქართული ოცნებას" უკავშირდება, მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მათთვის მიუღებელია და არ გამორიცხავს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია იყოს:

"ასეთი ინციდენტები, როგორც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობას", მის სატელიტ პარტიებს სურთ, ჩვენთვის მიუღებელია ეს ყველაფერი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს და კონკრეტული პირები უნდა იქნენ იდენტიფიცირებული.

ადგილზე ჩვენს მხარდამჭერებს და აქტივისტებს წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ტირის თოფით გასროლაზეა საუბარი, წარმოუდგენელი რამაა და იგონებენ. მგონია რომ კიდევ უფრო ახალ ფანტაზიას მიეცემიან ეს ადამიანები იმისთვის, რომ სცადონ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ჩვენთვის რომ მიუღებელია ძალადობა და მუქარა, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში გავაფართოვეთ დანაშაულთა შემადგენლობა, ჩვენ ვიყავით პირველი ხელმომწერი პარტიების ეთიკის კოდექსის, იმასთან მიმართებაში, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ასეთი ქმედებები და აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. თუმცა ნუ გამორიცხავთ იმას და დავუშვათ იმის ალბათობა, რომ ადგილი აქვს სპეკულაციას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სოფელ სადახლოში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც "კურიერს" "ევროპული საქართველოს" მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი ვარაუდობს, რომ მომხდარი "ქართულ ოცნებას" უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები