ბელარუსში საპროტესტო აქციების 51-ე დღე კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღეა სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებმა იმატა.
ძალოვანი უწყების თანამშრომლების სამიზნედ ჟურნალისტებიც იქცნენ. აქციებზე დაკავებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 10 000-ს გადააჭარბა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას, შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდეს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.
საფრანგეთი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა, არ აღიარებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს უნდობლობას უცხადებს, მიუხედავად ამისა ევროკავშირმა დღემდე ვერ შეძლო ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამოქმედება.