29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
დღეის მდგომარეობით ოკუპირებული აფხაზეთიდან 99 ინფიცირებული პაციენტია გადმოყვანილი - მალხაზ თორია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში 92 კოვიდინფიცირებულია, კლინიკებში კი 107 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მალხაზ თორიამ ამ სხვაობის მიზეზებზეც ისაუბრა:

"ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონში 92 კოვიდინფიცირებულია, კლინიკებში კი განთავსებულია 107 კოვიდინფიცირებული, ამ სხვაობაზე მოგახსენებთ, რომ გარდა რეგიონის მასშტაბით დაავადებული პირებისა, ჩვენი კლინიკები იღებენ მეზობელი რეგიონებიდან ინფიცირებულებს. გარდა ამისა, საწოლფონდი კლინიკებში გაგვაჩნია დაახლოებით 60 ერთეული," - განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გაზრდილია მომართვიანობა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდანაც. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილია 99 ინფიცირებული პაციენტი.

"მათი მომართვიანობა არის გაზრდილი, დღეის მდგომარეობით აფხაზეთიდან გადმოყვანილია 99 ინფიცირებული პაციენტი, მაგრამ მათი განთავსება ხდება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კლინიკებში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონალურ კლინიკებში,"- აღნიშნა მალხაზ თორიამ.

დღის ამბები