29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმების მესამე ნაწილს ხელი მოაწერა

ოპოზიციურმა პარტიებმა: "გირჩი", "ვროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ერთიანი საქართველო" ოპოზიციას შორის შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი.

ამ დოკუმენტით კოალიციურმა მთავრობამ, "ქართული ოცნების" გარეშე უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი განათლების სიტემის დეცენტრალიზაციას ეხება. 

"რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მერე კი არ დავიწყებთ ძებნას, რის გაკეთებას ვაპირებთ, არამედ დღეიდან ვიცით, რომ განათლებაში მეტი დეცენტრალიზაცია უნდა იყოს, მასწავლებელი დაფასებული უნდა იყოს, პოლიტიკური წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ, საკუთრება ადამიანებს უნდა დავურეგისტრიროთ, მიწის რეგისტრაციის პრობლემა ხალხს არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. სხვა უამრავი საკითხი, რაც ამ პუნქტების ქვეშაა. მთავარი და ფუნდამენტურია, რომ ჩვენ ვართ ხალხის საკეთილდღეოდ შეკრებილი ადამიანები,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი სახელმწიფოში არსებული ქონების ხალხისთვის დაბრუნებას ეხება. 

"ეს პაკეტი ეხება ეკონომიკას და განათლებას. ეკონომიკაში გვაქვს სამი რაღაც - ერთი ეხება სახელმწიფოს ხელში არსებული საკუთრების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას, განათლების სისტემაში მთავარი რაც არის, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო რეგულაციებისგან და რაც დარჩება საჯარო, უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ავტონომია მათ შორის ფინანსური,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, შეთანხმება ეროვნული ვალუტის გამყარების გზებსაც ეხება. 

"დოკუმენტში მოცემულია ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც დღითი დღე უფასურდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში, როგორ უნდა შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კატასტროფულად გაიზარდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმი კვებავს მხოლოდ საკუთარ ნომენკლატურას, დანარჩენ მოსახლეობას კი წირავს საშიმშილოდ,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები