მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან სასკოლო სწავლების დაწყება საკლასო ოთახებში 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება. გამონაკლისია აჭარა, სადაც სკოლებში სწავლა გამონაკლისების გარეშე, დისტანციურად გაგრძელდება.
განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლებს სამინისტრო განათლების მიღების ალტერნატიულ საშუალებასაც სთავაზობს :
"თუ 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
7-დან 12-ე კლასამდე მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
აღნიშნული არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება.