29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
კორონავირუსის გამო იზოლირებული სოფელი - ასპინძაში სამართალდამცავები უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად ამკაცრებენ

ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში სამართალდამცავები უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად ამკაცრებენ. სოფელი ამჟამად იზოლაციაშია. ადგილობრივებს სახლიდან გამოსვლა მკაცრად ეკრძალებათ. შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც შუახნის ქალბატონს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებულს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტს ტემპერატურა რამდენიმე დღე ჰქონდა და კლინიკას თვითდინებით, საკუთარი სურვილით მიმართა. დადასტურებული კოვიდდადებითით რეგიონმა მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა.

რთული ეპიდვითარებაა გურიაშიც. შეზღუდვები კვლავ მკაცრია დაბა ლაითურში. მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მაღალი რისკის ადამიანების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა.

რისკ-ზონად კვლავ რჩება აჭარა. ინფიცირების ყველაზე მზარდი სტატისტიკა რეგიონებიდან სწორედ შავი ზღვის სანაპიროზე მოდის. კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან, მხოლოდ დღეს, რეგიონში კოვიდდადებითის 193 ფაქტი დადასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდდადებითი დაუდასტურდა ბოჭორიშვილის კლინიკის დაცვის ორ თანამშრომელს. შემთხვევებთან დაკავშირებით კლინიკა ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს. 

მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს სამთავრობო გუნდი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვირუსის ეფექტიანი მართვისთვის მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვას სთხოვს.

დღის ამბები