29 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება 7 სოფლის დაკავების შესახებ ავრცელებს ცნობას - დაპირისპირებას უკვე მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება 7 სოფლის დაკავების შესახებ ავრცელებს ცნობას. პოლკოვნიკი ანარ აივაზოვი ამბობს, რომ კონტრშეტევის დროს არმიამ ფიზული - ჯაბრაილის მიმართულებით პოზიციები დაიკავა და გაამაგრა. თავდაცვის უწყებას არ გაუკეთებია განცხადება დანაკარგის შესახებ როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის მხრიდან.

"ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, მათ შორისაა გარახანბეილი, გარვანდი, კანდ ჰორაზიდი, იუხარი აბდურაჰამანლი, ბიოუკ მარჯანლი და ნუზგარი, განადგურებულია ამავდროულად მტრის საგუშაგოები და ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიას აზერბაიჯანის სამხედრო ძალები აკონტროლებენ," - აცხადებს ანარ აივაზოვი.

ცნობას ნაწილობრივ ადასტურებს ოფიციალური ერევანი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ, თუმცა შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, ერევანი მოწინააღმდეგის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დანაკარგებზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, ჩამოგდებულია აზერბაიჯანის 4 საბრძოლო ვერტმფრენი, განადგურებულია 10-ზე მეტი ტანკი. ამის პარალელურად, მხარეები როგორც ჩანს დაზავებას ჯერჯერობით არ აპირებენ.

ინტენსიური სროლა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების და ტექნიკის გამოყენებით მხარეებმა დილის საათებში განაახლეს. როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე დადასტურებულია სტეპანაკერტში 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა. ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

დღის ამბები