29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
1996 წლის სხდომის ოქმში წერია, რომ საზღვრის ხაზი დადგინდა 1938 წელს და სადემარკაციო კომისია დაეყრდნობა ამ რუკას - ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი

ისტორიკოსი და გარეჯის მკვლევარი ლადო მირიანაშვილი "დღის კურიერის" ეთერში დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოქმი, რომელიც აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის დაიდო, 1996 წელს 13 ივნისის ოქმია, რომელშიც 1938 წლის რუკა არ არის ნახსენები, თუმცა ოქმში წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დროს ხშირად იცვლებოდა.

გარეჯის მკვლევარი ლადო მირიანაშვილი განმარტავს, რომ შემდგომში სადემარკაციო კომისია სწორედ 1938 წლის რუკას ეყრდნობა. 

"ვეთანხმები სავსებით საპატრიარქოს პოზიციას იმიტომ, რომ პრინციპში, ერთადერთი შეთანხმების ოქმი, რომელიც კი ჩემთვის ცნობილია, რომელიც დაიდო დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის, ეს არის 1996 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი და ამ ოქმში მართალია რუკა, როგორც ეგეთი 1938 წლისა არ არის ნახსენები, მაგრამ იქ სიტყვა-სიტყვით წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დროს ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ბოლოს საზღვრის ხაზი დადგინდა 1938 წელს და ამიტომ სადემარკაციო კომისია დაეყრდნობა თავისი მუშაობისას სწორედ აი იმ ხაზს, რომელიც შეთანხმებული იყო 1938 წელს და ბუნებრივია ამ ხაზზე დაყრდნობა გულისხმობს დაყრდნობას 1938 წლის რუკაზე," - აცხადებს ლადო მირიანაშვილი.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ აზერბაიჯანული მხარე 1963 წლის რუკით ხელმძღვანელობდა, რამაც რამდენჯერმე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია, ისტორიკოსი აცხადებს, რომ რუკა, რომელიც 1938 წელს შედგა, არის ძალიან წვრილმასშტაბიანი და დეტალებზე სამუშაოდ აღნიშნული რუკა ძალიან ცუდია. 1938 წლის რუკის მასშტაბი 1:250 000-ია. ისტორიკოსის თქმით, 1996 წლის შეთანხმების ოქმში ნახსენები იყო, რომ შემდგომში დავით გარეჯის საზღვრებზე მუშაობა 1:50 000-იანი მასშტაბის რუკაზე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ამ მასშტაბის 1938 წლის რუკა ვერ მოიძებნა.

1963 წლის რუკაა, რომლითაც აზერბაიჯანული მხარე ხელმძღვანელობდა და რომელმაც რამდენჯერმე პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია 2 ქვეყანას შორის

"რთული მომენტი არის ის, რომ რუკა, რომელიც 1938 წელს შედგა არის ძალიან წვრილმასშტაბიანი 1:250 000-სთან, ეს ძალიან ცუდი სამუშაო რუკა არის დეტალებზე სამუშაოდ და სხვათა შორის იმავე 1996 წლის შეთანხმების ოქმში ნახსენებია ერთი ასეთი პუნქტი, რომ შემდგომი დეტალური მუშაობა საზღვრის საკითხებზე გაგრძელდება 1:50 000 მასშტაბის რუკასთან და იმის გამო, რომ 1:50 000-იანი მასშტაბის 1938 წლის რუკა ვერ მოიძებნა, არ აღმოჩნდა, აქედან დადგა უკვე აუცილებლობა იმისა, რომ მოეხმოთ სხვა წლების რუკებიც," - აცხადებს „დღის კურიერის“ ეთერში ლადო მირიანაშვილი.

დღის ამბები