29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
თუ მშობელს ურჩევნია ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ - მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აჭარაში განათლების პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად ნარჩუნდება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდის სკოლებში კი, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.

​"უწყებათაშორის საბჭოზე განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. პირველ რიგში, აჭარაში განათლების პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პატარებისთვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს სკოლაში. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გორში და ფოთში, სადაც პირველ ოქტომბრამდე დისტანციური ფორმატი იყო, 1 ოქტომბერს უკვე ყველა მოსწავლეს ყველა კლასში საშუალება ექნება საკლასო ოთახში დაბრუნდეს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, აჭარის გარდა ყველგან, საშუალება ექნებათ, სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურად განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ სპეც.მასწავლებელს, ეს ერთი ერთზე შეხვედრები იქნება სპეციალური გრაფიკით," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

განათლების მინისტრის თქმითვე, მთავრობა საზოგადოებას არჩევანის უფლებას აძლევს, რომლის მიხედვითაც სკოლის მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, საშუალება ექნებათ აირჩიონ, გააგრძელებენ თუ არა მათი შვილები სწავლას საკლასო ოთახებში. თუ ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად უნდა გააგრძელონ, ეს ასეც მოხდება - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

"ჩვენ საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს ურჩევნია ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩვენის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან, ისინი სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს სისტემა მაქსიმალურად მოქნილია და ყველას ინტერესს ითვალისწინებს. 

რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, დისტანციური ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები