29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ტელეფონი არ ჩერდება, ძირითადად ალეკოს კითხულობენ, მაგრამ არის ზარები, როდესაც ჩემთან უნდათ გასაუბრება - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა, პრემიერობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, იყრის თუ არა ის კენჭს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარად, ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მისივე თქმით, ეს გამორიცხულიც არ არის. 

პარტიის მიერ, მისი პრემიერობის კანდიდატად დასახელება კი, პოლიტიკური კულტურის ნაწილად შეაფასა, რადგან მისივე თქმით, პარტიამ სიცხადე უნდა შეიტანოს საზოგადოებაში და უთხრას რას სთავაზობს მათ. 

"ჩვენი პარტიის შანსებს, როგორც თბილისში, ასევე მთელს საქართველოში - ძალიან პერსპექტიულად ვუყურებ. თუ პოლიტიკაში ხარ, ბრძოლას არ უნდა მოერიდო,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

"ახლა უკვე ორნი გისმენთ" - საარჩევნო ბანერზე დაწერილ მობილურის ნომერზე, როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ძალიან ბევრი ზარი შედის. 

რა იყო ყველაზე უცნაური თხოვნა და სურვილი ამომრჩეველთა მხრიდან, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მათგან მოისმინეს:

"ტელეფონი საერთოდ არ ჩერდება, დილიდან საღამომდე რეკავს. ძირითადად ალეკოს კითხულობენ, მაგრამ არის ზარები, როდესაც ჩემთან უნდათ გასაუბრება. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ ეს არის სიღარიბე და უმუშევრობა. არის განათლების პრობლემებიც. ჩვენი პარტია ამ სისტემის მთლიანად რეფორმირებას აპირებს. არ შეიძლება სკოლა სამინისტროს მიერ იმართებოდეს. გარდა განათლების რეფორმისა, ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას. საბჭოთა სასამართლო სისტემა აუცილებლად უნდა დასრულდეს,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები