29 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
საყოველთაო ჩაკეტვას ამ ეტაპზე ეფექტი აღარ ექნება და მაქსიმალური აქცენტი, კონტაქტების მოძიებასა და ტესტირებაზე უნდა მოხდეს - აკაკი ზოიძე

ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო შემთხვევების მატება, რადგან ვსწავლობთ თანაცხოვრებას კოვიდინფექციასთან - ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის მატებას, მოსახლეობის მხრიდან რეგულაციებს უგულებელყოფით ხსნის. 

"საქმე გვაქვს აფეთქებასთან, რომელიც გავრცელდა აჭარაში, სადაც შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და ზაფხულის გამო ბევრი ადამიანის კონცენტრაცია მოხდა. არ გაკონტროლდა დახურულ სივრცეებში, სადაც არ ნიავდება, ბევრი ადამიანის დიდი ხნით თავშეყრა.

ყველაზე დიდი რისკი გახლავთ დახურულ სივრცეში 15 წუთზე მეტი ურთიერთობა პირბადის გარეშე. ეს არის ძირითადი მიზეზი ინფექციის გამრავლების. ეს ხდება ნებისმიერი რიტუალური თავშეყრის დროს, ქორწილი იქნება, ქელეხი თუ სხვა ნებისმიერი წვეულება.

მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გეომეტრიული პროგრესით არ იზრდება, ანუ არ ორმაგდება ყოველდღიურად, რაც მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ არის საშუალება, გავაკონტროლოთ ვითარება. 

მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებში უნდა გაკონტროლდეს. ქაღალდზე დაწერა, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი, არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს მისი აღსრულება. 

თუ ადამიანები წესებს არ დაიცავენ, თუ არის დახურულ სივრცეში შეკრება, ადამიანები პირბადეს არ იყენებენ, დისტანცია დაცული თუ არ არის, ეს წესის დარღვევაა, რომელიც საარჩევნო შეხვედრაზეც უნდა გავრცელდეს, როგორც სხვა მასობრივ ღონისძიებაზე,"- განაცხადა "დღის კურიერში" ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ. 

მისივე განცხადებით, საყოველთაო ჩაკეტვას ამ ეტაპზე ეფექტი აღარ ექნება და მაქსიმალური აქცენტი, კონტაქტების მოძიებასა და ტესტირებაზე უნდა მოხდეს.

დღის ამბები