აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯადაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკეისრო კვეთის დროს დაბადებული ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ახლა ტესტირების პასუხს ელოდებიან. როგორც ნინო ნიჟარაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, აჭარის რეგიონში დაძაბული ეპიდვითარებაა, თუმცა კონტროლირებადი.
"ახალშობილის მდგომარეობა ნორმალურია, ველოდებით ტესტირების პასუხს. ამ ეტაპზე რეგიონში გვაქვს შედარებით დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია. წინა დღესთან შედარებით, შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ ეს არის მაინც სტაბილური დონე და სტაბილური მატებით მივდივართ.
რაღაც პერიოდი შესაძლოა კიდევ გაგვეზარდოს ჩვენ შემთხვევები. შემთხვევების მატების პროგნოზი პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ქცევასთან და იმ კონტროლის ღონისძიებებთან, რაც ჩვენი მოქალქეების მოვალეობაა.
თუკი ამ ეტაპზე ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, არ ვიქნებით დისტანციურად, არ გამოვიყენებთ ხელის ჰიგიენას და პირბადეს, გვეყოლება კონტაქტები და კონტაქტის კონტაქტები,"- განაცხადა "დღის კურიერში" ნინო ნიჟარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში საწოლფონდის დეფიციტი არ არის, რადგან უსიმპტომო პაციენტები საავადმყოფოს ნაცვლად საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან.
"ჩვენთან დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა, ამ ეტაპზე 600 საწოლი გვაქვს. ყოველდღიურად გვაქვს 60/70 საწოლი თავისუფალი, რომელიც ყოველდღიურ ბრუნვაშია.
ჰოსპიტალში შედის პაციენტი, თუმცა მსუბუქი და უსიმპტომო ფორმა გადადის საკარანტინო ზონაში. ჩვენ გვაქვს ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე დამტკიცებული პროტოკოლი, რომელიც იზოლაციის არარსებობის პირობებში ასევე იყენებს საკარანტინო სივრცეებში პაციენტზე მეთვალყურეობის სქემას, ასე რომ საწოლი იქნება ორიენტირებული იმ პაციენტებისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ეს იქნებიან ბავშვები, ხანდაზმულები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე რისკჯგუფები,"- განაცხადა "დღის კურიერში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ნინო ნიჟარაძის თქმითვე, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება, რეგიონში შემთხვევების სტატისტიკაზეა დამოკიდებული და საკითხი საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.