29 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ეს კომპასის ისრების აღრევაა, მათ აქვთ პოლიტიკური იდენტობის პრობლემა - თინა ბოკუჩავა "ევროპულ საქართველოზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ მოწოდებაზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნებასთან" კოალიციაც და მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაც მიუღებელია. 

ბოკუჩავას თქმით, "ევროპულ საქართველოს" პოლიტიკური იდენტობის პრობლემა აქვს და კომპასების ისრები აქვს არეული:

"მათივე ელექტორალური ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, ეს კომპასის ისრების აღრევაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა არის ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა და საქართველოს მოქალაქის დაკვეთა - ეს არის ხელისუფლების ცვლილება. ამ ცვლილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზაცია. რა თქმა უნდა, ამას ყველაზე წარმატებით და ეფექტიანად გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობა", იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" და პირადად ივანიშვილი თავგამოდებით ებრძვის წლების განმავლობაში.  ეს არის იდეოლოგიის და იდეების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაამარცხა. საქართველოს მოქალაქე ჩვენში ხედავს ამ ცვლილებების მედროშეს.

მე არ მინდა რომ ეს შევრაცხოთ როგორც ბრძოლა, მესმის რომ მათ აქვთ პოლიტიკური იდენტობის პრობლემა, იმიტომ რომ ვერ უხსნიან ამომრჩევლებს, ან რატომ წავიდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან, ან რა განასხვავებთ ჩვენგან, ან ხელისუფლებაში რომ იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მაშინ რომ მოწონდათ, ახლა რატომ აღარ მოწონთ. ეს მათი პრობლემაა, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური იდენტობის პრობლემა, არასოდეს გვქონია და არ გვექნება, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური სიცხადე, ვინ ვართ ჩვენ და საითკენ მივდივართ და ეს ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები