29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ყოველწლიურად 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა აბსოლუტურად რეალურია - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში იმ დაპირებებზე ისაუბრა, რომლის შესრულებასაც "ევროპული საქართველო" საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება. გიგა ბოკერიას თქმით, მისი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ყოველწლიურად.

"ჩვენ დათვლილი გვაქვს, გადასახადების შემცირებით თუ რამდენი ჯდება სამუშაო ადგილი საშუალოდ. საგადასახადო წნეხის არსებითად შემცირება და საბოლოო ჯამში 20%-ზე ქვევით ჩამოსვლა იმ ხარჯის, რასაც ბიუროკრატია და მთავრობა წევს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილში არსებობს შეთანხმება, რომელის დაცვაც ყველას მოუწევს, რომ ხელისუფლების ხარჯი 20 %-ზე მეტი არ უნდა იყოს.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყოველწლიურად 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა აბსოლუტურად რეალური დაპირებაა.

"ისეთი გუნდი იქნება და ასეთი არის "ევროპულ საქართველოში", რომელსაც თან აქვს მყარი ხედვა - მთავრობის ზომის შემცირების, მეტი ეკონომიკური თავისუფლების, თავისუფალი სასამართლოსი და ამავე დროს შეუძლია, რომ გონივრულ კომპრომისებზე წავიდეს ყველა პარტნიორ ძალასთან, რომ შედეგი დაიდოს და პირველივე 100 დღეში ხალხმა იგრძნოს არსებითი განსხვავება, ეს არ არის ის დაპირება, რაც ივანიშვილს ჰქონდა - იაფი ფული, 500 ქარხანა და მესამე წელი, ისეთი იქნება, რომ ხალხს ყველაფერი კარგად ექნება," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის ნებაზე და ხელისუფლება ვერანაირი ძალადობრივი მეთოდით ვერ აღუდგება წინ მოქალაქეების მშვიდობიან ტალღას:

"არც ერთი ეს მეთოდი არ აღმოჩნდება საკმარისი იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ივანიშვილის რეჟიმმა, მოქალაქეების ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, მერე ამას რომ გავაკეთებთ მნიშვნელოვანია, რომ ვიყუროთ არა უკან, როგორც სააკაშვილმა, არამედ  წინ, რაც არის "ევროპული საქართველოს" არჩევანი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები