29 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
საბროკერო ფირმა, რომელიც საკუთარ კლიენტებს ატყუებდა - თაღლითური სქემა "კურიერმა" გაშიფრა

საბროკერო ფირმა, რომელიც საკუთარ კლიენტებს ატყუებდა. თბილისის ცენტრალური უბნების ბინებზე მომუშავე კომპანია გამქირავებელს და დამქირავებელს ერთმანეთთან კონტაქტს უკრძალავდა. საბოლოოდ კი, თანხებს იპარავდა. ერთი და იგივე ისტორია უკვე არაერთ ბინის მფლობელს და უცხოეთის მოქალაქეს გადახდა თავს. 

საქართველოსა თუ უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქე თავს მოტყუებულად თვლის. თაღლითური სქემა "კურიერმა" გაშიფრა. საბროკერო კომპანია ბინის მეპატრონეებისგან ფართს ქირაობდა და დამქირავებელზე აქირავებდა. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაციას უკრძალავდა. ბინის ქირას კი დამქირავებლისგან უფრო ცოტას ითხოვდა, ვიდრე მეპატრონისთვის უნდა გადაეხადა. მეპატრონეები სქემას მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როდესაც ბროკერებმა კუთვნილი თანხა აღარ ჩაურიცხეს. როგორც დამქირავებლები ყვებიან, კომპანიის წარმომადგენლებმა მათგან თანხა აიღეს და შემდეგ უბრალოდ გაქრნენ.  

შპს "რობო", ასე არის რეგისტრირებული კომპანია, რომელიც "ქართული აქტივის" სახელით ოპერირებს. მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ამავე კომპანიის დირექტორი შალვა ანფიბიადია.

დაზარალებული მომხმარებლები ახლა საერთო სარჩელზე მუშაობენ, თუმცა კონტრსარჩელის გარეშე დარჩენას არც კომპანიის წარმომადგენელი აპირებს. 

დღის ამბები