ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელიც მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აკეთებს აქცენტს.
ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება დავით გეგიძესთან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. ის უკვე დაკავებულია. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
"როგორც მე ვიცი, ღამით მოვიდა მოქალაქე, რომელსაც კოვიდინფიცირებული მოქალაქის მონახულება უნდოდა. ექიმმა მიუთითა, რომ პაციენტის ნახვა არ შეიძლებოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. მეტი დეტალი ამ ინციდენტის შესახებ ცნობილი არ არის,"- ამბობს "კურიერთან" ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც "ნაციონალურ მოძრაობაში" აკეთებენ და არც თავად დაზარალებული ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე.
დავით გეგიაძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტის სანახავად არ ყოფილა. ბადრი ბერიძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ექიმს შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია.
"მისი ქმედება, რისთვისაც დააკავეს, ჩვენი შეფასებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გეტყვით, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი,"- უთხრა "კურიერს" დავით გეგიძის ადვოკატმა ბადრი ბერიძემ.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.