29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ხარაგაულში შიდა გზები მნიშვნელოვანი გამოწვევაა - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

გარდა ამისა, გახარიამ განაცხადა, რომ ხარაგაულში შიდა გზები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ 

ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, პირველ რიგში, არის შიდა რაიონული გზები. მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას და მუშაობას. ხარაგაულის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა.

საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ასევე ერთად და გამარჯვებით. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები