ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3500-ს გასცდა, ზუსტად ერთი კვირის წინ კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2075 იყო. ბოლო 7 დღეში ვირუსით ზუსტად იმდენი ადამიანი დაინფიცირდა, რამდენიც 7 თვის განმავლობაში, პირველი შემთხვევის გამოვლენის დღიდან.
ახალი ჯგუფები ჩნდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ უფრო ხშირია ფაქტები, როცა ვერ ხერხდება ინფექციის გადადების წყაროს დადგენა.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი ახლა ახალციხეა, სადაც 150 ადამიანი სარიტუალო ღონისძიებას ესწრებოდა. სტატისტიკური მონაცემების ზრდის მიზეზი შესაძლოა ისევ სარიტუალო ღონისძიება გახდეს. ახალციხის მუნციპალიტეტიდან 60-ზე მეტი ადამიანი ბაკურიანში, საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. მათ შორის მედია ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარტიის კიდევ ერთი წევრი და სალონის 3 თანამშრომელი.
ვირუსის ცხელი კერა ისევ აჭარის რეგიონია.