29 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
მოახლოებული არჩევნები და გააქტიურებული კრემლი - სერგეი ლავროვის რბილი პოლიტიკური მესიჯების უკან ოპოზიცია საფრთხეს ხედავს

არჩევნებამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, საოკუპაციო ბასრი მავთულხლართების გავლების პარალელურად, ტრადიციულად, სერგეი ლავროვმა ისევ გაავლო რბილი პოლიტიკური აქცენტები. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენას ელოდება.

მან კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოში ღიად ჩნდებიან რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მსურველი პარტიები. 

ლავროვს კონკრეტული პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკოსი არ დაუსახელებია. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკვე ერევა, თუნდაც ამგვარი განცხადებებით და თუ მოსკოვისთვის აშშ-ის არჩევნები არ გამხდარა დაბრკოლება, საქართველოში მას გაცილებით მეტი ხელმისაწვდომობა აქვს.

რუსეთთან დიალოგს ღიად უჭერს მხარს ნინო ბურჯანაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მის პარტიას ეს არასდროს დაუმალავს, თუმცა გარკვეული წითელი ხაზების დაცვით, რომელიც პოლიტიკოსის თქმით, გამორიცხავს უფროს-უმცროსი ძმის ტონალობაში მოსკოვსა და თბილისს შორის საუბარს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვერ ხედავს,რომ რუსეთი საარჩევნო პროცესებში ჩარევის კუთხით განსაკუთრებულად აქტიურობდეს, თვლის, რომ ეს ნორმალიზების პროცესსაც დააზიანებდა.

განცხადებებში საკუთარი თავის ამოკითხვა არ გასჭირვებია "პატრიოტთა ალიანსს", რომელიც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ერთადერთი მხარდამჭერია პარლამენტში. 

ვიდრე რუსეთში ვიზიტებით ცნობილი პოლიტიკოსები კლიშეების გაფანტვაზე მუშაობენ, ღიად პრო-დასავლური პარტიები ლავროვის განცხადებებში ერთმანეთს კითხულობენ. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ლავროვმა სხვებთან ერთად "ოცნებაც" იგულისხმა, "ოცნებისთვის" კი ყველაზე რუსული საქმეები "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებულია.

დღის ბოლოს ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელიც ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზბის შესაძლებლობას, მხოლოდ დეოკუპაციის პირობებში ხედავს. 

 

 

დღის ამბები