29 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში​ - ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს ღიად აკრიტიკებს, მის საარჩევნო სიაში ჩასმის შემთხვევში კი შესაძლოა გუნდიც დატოვოს

იქნება თუ არა ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში, ჯერ უცნობია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო სიაში ვანო მერაბიშვილის ყოფნას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეწინააღმდეგება. ნიკა მელია ამ თემაზე ღიად საუბრობს, თავად ყოფილი ძალოვანი კი მელიას არ პასუხობს. მერაბიშვილი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა, მის ტელეფონს კი თანაშემწემ უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ ყოფილი პრემიერი არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ ღიად გააკრიტიკა. ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ ის საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება და ყოფილ ძალოვანს გირგვლიანის საქმე შეახსენა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ზუსტად ვერ პასუხობენ შეკითხვას - იქნება თუ არა მერაბიშვილი პარტიის საარჩევნო სიაში. ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯერ თავად ყოფილმა პრემიერმა უნდა გამოთქვას და პარტიაში ამ თემის განხილვა დაიწყება. 

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი სხვა ოპოზიციური პარტიები. 

წინააღმდეგობის მიუხედავად, იქნება თუ არა მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის რიგებში ეს სავარაუდოდ, მომდევნო 2 კვირაში გაირკვევა, სწორედ სექტემბრის ბოლომდე აქვთ პარტიების სიების წარდგენის ვადა.

 

დღის ამბები