29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ვიდეომტკიცებულებები აჩვენებს, რომ დავით მჟავანაძის მხრიდან იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს და გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც თამარ ჟვანიამ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ვიდეომტკიცებულებაში ჩანს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობს" წევრი დავით მჟავანაძე, რომელსაც სხდომა ძალით დაატოვებინეს, პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. 

"ცხადია, ეს ფაქტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესწავლის საგანი. ჩემი პირადი დავალებით ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო კომისიის, ან კონკრეტული წევრის მხრიდან შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ნაწილში მოკვლევა. ჯერ არ არის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან უნდა დადგინდეს ფაქტები, ვნახოთ ვიდეოჩანაწერები რა მოხდა სხდომაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს შესაძლოა, ყოფილიყო პროცედურული ხარვეზი ოლქის მხრიდან და ამას დადგენა სჭირდება. ბატონმა დავით მჟავანაძემ თავად მოგვმართა საჩივრით.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ვიდეომტკიცებულებები ნათლად აჩვენებს, რომ იყო გარკვეულწილად სხდომის მიმდინარეობის და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტის სისტემური ანალიზი მოხდება და ცესკოს ექნება შესაბამისი რეაგირება. თუ კომისიის წევრს ექნება გადაცდომა რაიმე კუთხით, ამაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება და ჩემი დავალებით მოკვლევა დაწყებულია,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

თამარ ჟვანიამ ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკომ კომისიის ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დანიშნა. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ აჟიოტაჟი ამ საკითხზე ნაადრევად ატყდა, რადგან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ სიაში მოყვანილი პირები კონკურსის შემდეგ ეტაპზე არც გადასულან. 

"იქიდან დავიწყოთ, რომ წინასწარი განცხადებები გაკეთდა სხდომების დაწყებამდეც კი. შესაბამისად, წინსწრებით ისეთი განცხადებების გაკეთება საკითხებზე, რომლებზეც გადაწყვეტილებებიც არ არის მიღებული, ცოტა სხვა სახეს ატარებს. ამ შემთხვევაში, შეიძლება, დაგეგმილი ბრალდებების სახე მიეცეს.

ის სიები და ის გვარები, რომლებიც სახელდებოდა, ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო არჩევნებზე პარტიის მიერ იყვნენ დანიშნულნი. ალბათ, არ იცოდნენ, როდესაც ამ ბრალდებას აყენებდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ და შესაბამისმა ოლქებმა ყველა ეს პირი ამოიღეს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, რადგან კანონი პირდაპირ კრძალავს პარტიის მიერ ბოლო საერთო არჩევნებზე დანიშნული წევრების არჩევას. ამიტომ, ის სია, სადაც ეს ადამიანები იყვნენ შეყვანილი, უბრალოდ კონკურსანტები იყვნენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არც კი გადასულან. 900-მდე პირი აღმოვაჩინეთ ისეთი, რომელსაც ჰქონდა პარტიული დანიშვნები და კანონის ახალი კრიტერიუმის მიხედვით ისინი საერთოდ გამოირიცხნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობიდან,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები