29 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ინდივიდუალური კალმები, პირბადე და საარჩევნო კაბინა ფარდების გარეშე - როგორ ჩატარდება 2020-ის არჩევნები COVID-19-ის პირობებში 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ "ღამის კურიერის" ეთერში იმ პრევენციის ზომებზე ისაუბრა, რომლის დაცვაც საარჩევნო ადმინისტრაციას კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად მოუწევს.

"ჩვენი გეგმა ნამდვილად არის ასეთი, რომ ინდივიდუალური პასტები შევთავაზოთ ამომრჩევლებს, ასევე, ჩვენ ამომრჩეველს აუცილებლად მოვთხოვთ პირბადის ტარებას, იმიტომ რომ მათ დახურულ შენობაში უწევთ ხმის მიცემა და ეს იქნება სავალდებულო მოთხოვნა. თუმცა, პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ 2 შემთხვევაში, შესასვლელთან და რეგისტრატორთან, როცა მათი იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი არჩევნების სანდოობისთვის. ამავდროულად კომისიის წევრებზე ვგეგმავთ მოთხოვნას, როგორც პირბადეების ასევე ხელთათმანებით მუშაობისა. ჩვენ გვექნება პირბადე, თუ ამომრჩეველი მოვა პირბადის გარეშე, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კითხვაზე შეძლებს თუ არა ხმის მიცემას პირი, რომელსაც აქვს ტემპერატურა, თუმცა აქვს ტესტი პასუხი, რომ ის კოვიდუარყოფითია, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ტესტის პასუხების წარდგენას საარჩევნო ადმინისტრაცია არ ითხოვს.

"არ ვითხოვთ, რომ მოიტანონ პასუხი არჩევნების დღეს, ეს პროცესი შეუძლებელი იქნება. დღეს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც შევთანხმდით, რომ ჩვენ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, რომც ქონდეთ მათ სიცხე, ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამიტომ, ყველა ამომრჩეველი, ვინც მოვა საარჩევნო უბანზე შეძლებს, რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ მათ ძალიან ცოტა ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის, ეს არის 15 წუთზე ნაკლები, რაც არ არის სარისკო საერთაშორისო სტანდარტით," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისი თქმით, შეხების თვალსაზრისით, რისკის შემცველად იქნა მიჩნეული საარჩევნო კაბინის ფარდები, რის გამოც, კაბინები განლაგდება სხვაგვარად და იქნება ფარდების გარეშე, ამასთანავე, დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა.

დღის ამბები