29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი "დარჩი სახლში", დღეს პრინციპია "ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის სამართავად ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა საჭირო აღარ იქნება.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა. 

როგორც ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამის მიუხედავად, იქნება "წერტილოვანი დარტყმები" და მცირე ჩაკეტვები ვირუსის ფართოდ გავრცელების ასარიდებლად. 

"ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.  ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კრიტიკული პაციენტების რიცხვი დღეს მთელს მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია, საქართველოში კი დღეს კრიტიკული მხოლოდ 3 ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციასა და აპარატზეა. ასევე, ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვი არ არის დიდი. 80-85% არის, ძირითადად, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები. ამიტომ, დღეს ქცევა და მართვა ცოტა სხვანაირია. თუ გაზაფხულზე იყო პრინციპი "დარჩი სახლში", დღეს პრინციპია "ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან". დიდი ლოკდაუნები არ იქნება, მაგრამ, ასე ვთქვათ, წერტილოვანი დარტყმები, წერტილოვანი რეაქციები უნდა იყოს,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები