29 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
რატომ დატოვეს სასამართლო შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა - საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბრალდებულებს ვადა 21 სექტემბრამდე აქვთ. სწორედ 21-ში იქნება მომდევნო წინასასამართლო სხდომა.

დღეს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბრალდებულებმა ის პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტი კი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომელიც ნიკა რევაზიშვილის ადვოკატის შუამდგომლობას ეხებოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლე გასცდა პროკურატურის მოთხოვნას და იმაზე მეტი მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვდა.

"ბრალდებულებმა ერთხმად ჩათვალეს, რომ სასამართლო იყო სუბიექტური და ამიტომ პროტესტის ნიშნად ყველამ ერთად დატოვა სასამართლოს დარბაზი. შუამდგომლობები, რომელიც დააყენა დაცვის მხარემ არცერთი არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო ყველა შუამდგომლობა, რომელიც ბრალდების მხარემ დააყენა, დაკმაყოფილდა,"-განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ. 

პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ თითოეულ ბრალდებულს აქვს უფლება პროტესტი გამოთქვას, თუმცა სხდომის დატოვებას არასწორად მიიჩნევს. 

"თითოეული ბრალდებული თვითონ გადაწყვეტს, მისი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს პროტესტი მათი უფლებაა, თუმცა მათი პოზიცია უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ იყო სწორი. როდესაც მათთვის არ იქნება მოსაწონი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეიძლება ასე გამოხატონ პროტესტი და დატოვონ პროცესი,"- განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, საიდანაც 6 არასრულწლოვანია.

დღის ამბები