"განათლების კოალიციის" პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი რევაზ აფხაზავა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლება და განათლება საქართველოში განვითარებული არ არის და რეალურად ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სწავლების გამოცდილება არ ჰქონიათ.
მისივე თქმით, სკოლების დახურვა გამოსავალი არ არის. რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, პანდემიასთან ბრძოლის ნაბიჯები არათანმიმდევრულია.
რევაზ აფხაზავამ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლაში სწავლის საშუალება ჰქონდეთ.
"მეტი თავისუფლება ნამდვილად კარგია სკოლებისთვის და აქამდეც რომ ჰქონოდათ სკოლებს მეტი თავისუფლება გადაწყვტილების მიღებაში, უფრო მეტად იქნებოდნენ მიჩვეული დამოუკიდებლობას და უფრო ეფექტიანად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ სკოლები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან საქართველოში ერთმანეთისგან და შესაბამისად, ერთი ინსტრუმენტის მორგება მათზე ცოტა რთული იქნებოდა, თუმცა არსებული სიტუაცია, გარკვეულწილად, მაინც არის დიფერენცირებული მიდგომა იმიტომ, რომ დიდი ქალაქის სკოლებში შეიზღუდა მარტო სწავლა. ეს ცალკე საკითხია - რატომ, და უნდა ყოფილიყო ასე თუ არა.
საერთაშორისო ექსპერტებიც ამაზე საუბრობენ, რომ მოსწავლეები თუ ამ კრიტიკული დროით გამოეთიშებიან სასწავლო პროცესს, მერე მათი დაბრუნება, სასწავლო პროცესში უკან ჩართვა გაცილებით უფრო რთული იქნება და სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, შეიძლება, გაიზარდოს," - აცხადებს რევაზ აფხაზავა.
ის, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სკოლაში გაკვეთილები უტარდებოდეთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რადგან მათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უნარები ჯერ არ გააჩნიათ და ბევრად სტრესული იქნება ერთმანეთთან და მასწავლებელთან ონლაინურთიერთობა.