29 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან

ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან და ცდილობენ დაადგინონ გზა, რომლითაც, მათივე ვერსიით, ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი მიიყვანეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 18 ივლისს მომხდარი არ იყო თვითმკვლელობა და იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. იქამდე, ვიდრე იურისტები თეთრიწყაროში გაემგზავრებოდნენ, ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

"ჩემს ავტომობილში არის საქმეს რაც სჭირდება, ისეთი რამ, თორემ რამე ცუდი კი არ კეთდება. პირიქით, საქმისთვის კარგი რაღაცა უნდა გაკეთდეს.

ჩვენ ახლა გასაუბრება გვქონდა გამომძიებლებთან პროკურატურაში. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მოვიპოვეთ, რაც გავაკეთეთ და შესაბამისად, ახლა გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მერე ამას ოფიციალური სახე მიეცეს და ყველაფერი მოპოვებული, გადამოწმებული იქნას," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, წამლების ანოტაცია, გამოძიების მიერ იქნა ამოღებული და შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

"მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც, ბუნებრივია, ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, დაერთო სისხლის სამართლის საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციას არანაირი შემხებლობა არა აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე, მიუხედავად ამისა ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში," - აღნიშნა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

დღის ამბები