29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
"იმ ფულით, რომლითაც ესენი ჯიპებს ყიდულობენ, ჩვენ ვიყიდით ლიფტებს" - შალვა ნათელაშვილი თემქაზე მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

თემქაზე, ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მრავლობითი მოტეხილობებით და სისხლჩაქცევებით რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ამ შემთხვევის გამო ხელისუფლებას პასუხიმგებლობა დააკისრა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რამდენიმე კვირაში "ამ რეჟიმის საქმე დამთავრდება".

"მოწყდა ლიფტი, დაზარალდნენ ადამიანები. ერთი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება - მათ შორის, სალიფტე მეურნეობაში, ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ლიფტები გადააქცია ბიზნესკომპანიებად. რამდენიმე კვირაში ამ რეჟიმის საქმე დამთავრდება და იმ ფულით, რომლითაც ესენი ჯიპებს ყიდულობენ, ჩვენ ვიყიდით ლიფტებს," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ინციდენტი ე.წ. არაშენდას შენობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი 2015 წელს შეკეთდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ზიანდებოდა, რის გამოც მათ ადგილობრივ გამგეობას რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს. გამგეობაში კი ამტკიცებენ, რომ განაცხადი მათთან არ შესულა.

დღის ამბები