29 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
მმართველი პარტიის პროპორციული სიის შემადგენლობას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა - ოპოზიციას "ოცნების" ოცეულის არც ძველი სახეები მოსწონს და არც ახლები

მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ოცეულის შემადგენლობას დასახელებიდან მალევე ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს და გათვლა სიის სათავეში ისევ პარტიის ძველ სახეებსა და ლიდერებზე გააკეთა. მათ შორის პრემიერობის კანდიდატად ისევ გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი კვლავ მოქმედი თავმჯდომარე დაასახელა.

"ქართულ ოცნებაში" არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვთ. მმართველი პარტიის ლიდერები, ვინც ძველი სახეები არიან და ახალი სიის სათავეშიც მოხვდნენ, აცხადებენ, რომ ოპონენტების შეფასებები არ გაკვირვებიათ. კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ და ოპოზიციას შეახსენებენ, რომ მათ უმრავლესობას პარტიის შემადგენლობა წლების განმავლობაში არ შეუცვლია.

ოპონენტების შეფასებები "ქართული ოცნების" სიის ე.წ. ახალი სახეების ნაწილისთვის შეურაცხმყოფელიც კი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ პროპორციული სიის შედგენის დროს პარტიის ლიდერებმა აქცენტი სწორედ პროფესიონალიზმზე და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაზე გააკეთეს. ისინი, ვინც დეპუტატის სტატუსის მისაღებად ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო იციან მომავალ პარლამენტში რა მიმართულებით განაგრძობენ მუშაობას.

არჩევნებამდე ერთ თვეზე მეტი რჩება, ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური ძალების უმრავლესობას არც პროპორციული სიის შემადგენლობა გაუსაჯაროვებია და რეგიონებში მაჟორიტარების ვინაობაც ბოლომდე ცნობილი არ არის. პარტიებს ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვთ.

დღის ამბები