მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 900 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსს ხელმეორედ ებრძვის ევროპა. მარტო გასულ დღე-ღამეში საფრანგეთში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა 9 ათასამდე ადამიანს. ქვეყანაში კიდევ ერთხელ დაიხურა სკოლები და კოლეჯები.
აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა პორტუგალიასა და ნიდერლანდებშიც. მონაცემების ზრდის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს რამდენიმე ევროპულ ქალაქში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს, მათ შორის პრაღაში, ჟენევასა და დუბროვნიკში.
COVID-19-ის მეორე, მასობრივი ტალღის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა კანადის პრემიერ-მინისტრმა. ჯასტინ ტრუდოს თქმით ბოლო დროს მოსახლეობა შედარებით მოდუნდა და მათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ავსტრალიაშიც, რის გამოც ქვეყანა გადაადგილების შეზღუდვას აპირებს. ახალი რეგულაციების მიხედვით იკეტება გარე და შიდა საზღვრები, ამასთანავე სკოლებში სწავლის პროცესის გადაიდება და კომენდანტის საათის ამოქმედდება.
რეკორდული მონაცემი დაფიქსირდა ინდოეთში სადაც ვირუსი თითქმის 96 ათას ადამიანს დაუდასტურდა. კვლავ რთული მდგომარეობაა აშშ-ში, სადაც ერთ დღეში 35 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და აღნიშნა რომ პრეზიდენტს პანდემიის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა.
COVID-19-ის შემთხვევებით მორიგ ანტირეკორდს ამყარებს ისრაელი, სადაც ვირუსი 4 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. გამორიცხული არ არის, რომ ისრაელში საყოველთაო კარანტინი კვლავ გამოცხადდეს. ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატა, სკოლები დახურა და ღამის საათებში შეზღუდვები დააწესა.
ინფექციის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. ყველაზე რთული ვითარება რუსეთში სადაც დღიური მაჩვენებელი 5 ათას გასცდა, ეს მონაცემი უკრაინაში 3 ათასს, თურქეთში კი 2 ათას აღწევს.