29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამდე მმართველი გუნდის ხედვასა და მიღწევებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, "ოცნების" მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა.

"8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა.

დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ, კი არ  ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ.

დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე, მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე, ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ქალაქგეგმარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ არა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეებმა თავი სახელმწიფოსგან, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო უკეთ იზრუნოს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე.

ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის და დემოკრატიის რუტინაა, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მართლაც შეუძლებელი, საოცნებო და მიუღწეველი მიზანი იყო.

არავინ იცის, რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა და ეს ყველაფერი, ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის „ქართული ოცნების" დამსახურება და  ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ და იმ დიდ პასუხიმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.

ჩვენმა ქვეყანამ მას შემდეგ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხიც ჩვენ გარშემო, ახლდებოდა და ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდიც.

იყო ბევრი გულდაწყვეტა, ბევრი ტკივილიც, თუმცა ჩვენ შევძელით მთავარი - სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ, დაიბრუნა საკუთარი ადგილი და ქვეყანა დადგა მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების შეუქცევად გზაზე.

მთელს ამ პროცესში, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა ვიწრო პარტიული ინტერესები, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურება და ეს ყოველთვის ასე იქნება.

ვიმედოვნებ, რომ ახალ, გულანთებულ სახეებთან, "ქართული ოცნების" განახლებულ გუნდთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ასეთი შემართებით, კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებთ, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს დავძლევთ, ერთად დავდგებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მის საბოლოოდ გასაერთიანებლად და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები