29 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ორბელის თემში კორონავირუსზე, დაახლოებით, 1400 ადამიანი გაიტესტება - გიორგი მაქარაშვილი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლაჯანასა და ორბელში შემსვლელ და გამომსვლელ მგზავრებს​ თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

მისი განცხადებით, ორბელის თემში კორონავირუსზე, დაახლოებით, 1400 ადამიანი გაიტესტება.

"გამკაცრდა ზომები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით. ლაჯანასა და ორბელის თემებში შემსვლელ და გამომსვლელ მგზავრებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება. ზომები გამკაცრდა მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკის გამო. ამჟამად, ორბელის თემში PCR ტესტირება, დაახლოებით, 1400 ადამიანს ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმები,"-განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ცნობილია, ინფიცირების წყარო თბილისში გამართული ქორწილია, სადაც ამ სოფლებიდან 250 კაცი ერთდროულად იმყოფებოდა. 

"წყარო არის ქორწილიდან, რომელიც ჩატარდა თბილისში. იყო ორბელიდან, რომელიც შემდგომ მეორე ქორწილში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ პირველი ქორწილის კონტაქტი იყო, გავტესტეთ, აღმოჩნდა დადებითი და უკვე დღის წესრიგში დადგა იმ ქორწილში დამსწრეთა გატესტვა. დაახლოებით, იმყოფებოდა 250 ადამიანი. ახლო კონტაქტი ყველას არ ჰქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ დავადგინოთ კონტაქტები და გავტესტოთ ყველა,"-განაცხადა ეპიდემიოლოგმა ნატო დვალმა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებიდან ლაბორატორიაში 1400 მონაცემია გადაგზავნილი. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, სწორედ მიღებულ პასუხებზე იქნება დამოკიდებული, სოფლებში დამატებითი მკაცრი ზომები გატარდება თუ არა.

დღის ამბები