29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება - დავით ზალკალიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დადებითად აფასებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, დასკვნა საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება.

"ეს არის აშკარად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. 

მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ობიექტურია.

"საქართველოზე გაკეთებულია უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ არამხოლოდ რეგიონალური ლიდერი ბიზნესის კეთების სიმარტივით და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, მაგალითად ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით, ჩვენ ვართ მსოფლიო ლიდერები,"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილია, რომელიც გამოწვევების მიუხედავად, რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს. 

დღის ამბები