29 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ჰოლანდიაში ცოლის კალთას ამოეფარა, უკრაინა კი მუდმივად ირიდებდა პასუხისმგებლობას - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ვერ მოხერხდა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება საერთაშორისო სამართლის სტანდარტს არღვევდა, უკრაინა კი, მუდმივად თავიდან ირიდებდა ამ პასუხისმგებლობას. 

"მიხეილ სააკაშვილი გუშინ, თავის გამოსვლაში ქართული ღირებულებების მატარებლად რომ წარმოადგენდა თავს, ჰოლანდიაში საკუთარი ცოლის კალთას ამოეფარა. იქაც ის სტანდარტია, რომ როდესაც არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მეუღლე, ასეთი ოჯახის წევრის ექსტრადიცია ან დეპორტირება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა. ამიტომ, მაშინაც ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იყო პერიოდები, როდესაც ის იმყოფებოდა უკრაინაში. ჩვენი მხრიდან სისტემატურად იყო მოთხოვნა უკრაინელი კოლეგებისადმი მისი ექსტრადირების. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი წერილი, სადაც წერია, რომ ჩვენ ვერ დავადგინეთ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უკრაინაშიო. ამით აიცილა უკრაინამ თავიდან ექსტრადიცია,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩაერთო ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ძებნაში ინტერპოლი, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, მისი მაღალი პოლიტიკური სტატუსი იყო. 

"ინტერპოლი არ არის ვალდებული აგვიხსნას რატომ, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვიცით, მისი წარსულში მაღალი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს ასეთი ადამიანის დაკავებისგან.

უკრაინას თავისუფლად შეეძლო გადმოეცა, მაგრამ არ გადმოგვცა და თანამდებობაზეც კი დანიშნა,"-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები