29 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"არ გამიკვირდება, თუ ესეთი რამ ხდებოდა ადრე" - ეკა ბესელია თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე  

თამარ ჩერგოლეიშვილის ხმაურიანი გაცხადებას, გაყალბებული კვლევების შესახებ, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს, ეკა ბესელიას არ უკვირს, თუკი წინა წლებში "ნაციონალური მოძრაობა" კვლევის არასასურველ შედეგებს მალავდა.

"არ გამიკვირდება, რომ ის რომ კვლევის შედეგებში თუ ჩანს არასასურველი შედეგი და შემდეგ ეს გახდეს დაფარული, ან სხვა შედეგები გამოქვეყნდეს საჯაროდ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. არ გამიკვირდება, თუ ესეთი რამ ხდებოდა ადრე, ამაზე ალბათ უკეთესად მოყვებიან ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის შემსწრენი იყვნენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე  კი ამბობს, რომ ენმ-ის მხარდამჭერები ორად არიან გაყოფილი, მათგან ერთი ნაწილი კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. 

"ნამდვილად არის ორ ნაწილად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობის მომხრები. ერთი, რომლებიც უჭერენ მხოლოდ მიშას მხარს, ანუ ე.წ. მიშისტები, რომლებიც თავად პარტიასაც და პარტიაში მყოფ ადამიანებსაც მეორე როლს ანიჭებენ და მხოლოდ მიშა არის მათთვის გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ემხრობიან რაღაც პრინციპებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ კვლევა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი რეალური რეიტინგი გაარკვიოს.

"კვლევა არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ გაარკვიოს საკუთარი რეიტინგი. თუ პარტია თავის კვლევას ატარებს და ამ თავისსავე კვლევას აყალბებს, ესეიგი თავის თავს ატყუებს და რატომ სჭირდებათ ასეთი სტრატეგია ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, 2016 წელს ჩატარებული სოციოლოგიური  კვლევებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ნახევარიც კი არ უჭერდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს, თუმცა ამას "ნაციონალური მოძრაობა" მალავდა.

მისი მტკიცებით, 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები გაყალბებული იყო, თუმცა, მისი თქმით, პარტიამ გაყალბებული მონაცემების გაშუქება მედიის დახმარებით გადაწყვიტა.  

დღის ამბები