თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი ინფიცირებულებიდან ე.წ. დონას კლასტერს 3 ეკუთვნის, 19 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ხოლო 12 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევებიდან 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალს უკავშირდება.
"გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1,684 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1,729.
ამ 45 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ - 3 არის დონას კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის და კონტაქტების გამოვლენის თვალსაზრისით.
ამ 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას და კიდევ საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს 5 ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.