29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
sky garls ბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

sky garls ბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამოცნობის პროცედურა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამით ჩატარდა.

როგორც ცნობილია, დაკავებულია ბარის მენეჯერის, მარიანა ჩხეიძის მეუღლე. ბარში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულმა ივიკო ფრუიძემ მეგობართან ერთად ის ფოტოების მეშვეობით ამოიცნო.

"4 მოძალადე უკვე დაკავებულია, ჩატარდა ამოცნობის პროცესი, რის შემდეგაც დააკავეს მე-4 მოძალადე. იქმნება ძალიან კარგი პრეცენდენტი სამართლიანობის. დიდი იმედი მაქვს, რომ დამატებით 2 მოძალადეც მალე იქნება დაკავებული. დაცვის მხარემ უარი განაცხადა ამოცნობის პროცედურაზე და ჩატარდა სურათების მეშვეობით ამოცნობა. პროცედურაში ვიყავით ჩართულები მეც და ჩემი მეგობარიც," - აცხადებს დაშავებული ივა ფრუიძე.

ივა ფრუიძის ადვოკატი რომან ნადირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანომ დაზარალებულად სცნო.

"დაკავებულ იქნა აღნიშნული პიროვნება. ინფორმაციის დონეზე მოგაწვდით, რომ ვიდეოჩანაწერები არსებობს, რომლებიც შეჯერდება ივა ფრუიძის ჩვენებასთან, კიდევ მეორე პიროვნების ჩვენებასთან, რომელიც აღნიშნული ჩხუბის დროს იმყოფებოდა," - აცხადებს ივა ფრუიძის ადვოკატი რომან ნადირაძე.

დაკავებული რომან ჩხეიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივა ფრუიძეს მართლა ურტყამდა, დაშავებულს ეს პირველივე ჩვენებებში უნდა დაეფიქსირებინა.

"ჩვენს მიერ ამოცნობაზე ითქვა უარი. მერე მოხდა რომან ჩხეიძის ფოტოსურათებით ამოცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამოიცნო თავად ივა ფრუიძემ, დაზარალებულმა და მისმა მეგობარმა გოგალაძემ და მოხდა მისი ყოვლად არაკანონიერი დაკავება გამომდინარე იქიდან, რომ თუ რომან ჩხეიძე მართლა ურტყამდა, მას მაშინ ეს პირველივე ჩვენებებში უნდა დაეფიქსირებინათ და არა დაახლოებით 5 დღისა და 1 კვირის შემდეგ რომ ახსენდებათ, მით უმეტეს, როგორც თვითონ განმარტავენ, რომ იყვნენ ძალიან ნასვამები," - აცხადებს რომან ჩხეიძის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

ინციდენტი პეკინის გამზირზე მდებარე ბარში 21 აგვისტოს მოხდა. საქმეზე უკვე 4 პირია დაკავებული. კიდევ ორს ეძებენ.

დღის ამბები