29 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
გურია, იმერეთი და დაკეტილი ბაზრობა ბათუმში - COVID 19-ის ახალი კერები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში გაჩნდა

34 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში COVID -19-ის დადასტურებული ფაქტები 1,684-მდე გაიზარდა. ვირუსის ახალი კერები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში გაჩნდა. 

ბათუმში ხოფას ბაზრობაზე დასაქმებულ მამა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტერიტორია, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება, დაიკეტა. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

ბათუმში დღეს COVID ინფექცია პედაგოგს დაუდასტურდა. შუახნის მასწავლებელი ერთდროულად მუშაობს ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლაში. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პედაგოგები უკვე ემზადებოდნენ და 4 აგვისტოდან სკოლაში დადიოდნენ. დიდი იქნება თუ არა ინფიცირებული პედაგოგების წრე, ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ. 

კორონავირუსი ერთ კვირაში ბათუმში, მაღაზია "დონას" თანამშრომლებს და მათთან კავშირში მყოფ 40-ზე მეტ პირს დაუდგინდა. პარალელურად, იზრდება იმ პირთა რაოდენობა, ვინც აჭარაში სტუმრად იყო და ვირუსი გამოუვლინდა. 6 შემთხვევაა დაფიქსირებული იმერეთშიც, მათ უმრავლესობას კავშირი აჭარასთან აქვს. კორონავირუსი დაუდგინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნასაკირალში დედა-შვილს. მანამდე სოფელ ლაითურში ინფექციის 2 ფაქტი დადასტურდა. 

დღის ამბები