29 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ბათუმში ბაზრობა "ხოფა" დაიკეტა - ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ბაზრობა "ხოფა" დაიკეტა. მიზეზი, დღეს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურებაა.

ამ დროისთვის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაკეტილ ტერიტორიაზე მუშაობს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ბაზრობაზე სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

ე.წ. ხოფის ბაზრობა სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლომდე დაკეტილი იქნება. იქ კორონავირუსი ერთ-ერთ მაღაზიაში მომუშავე მამა-შვილს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ინფიცირებულებს შეხება ჰქონდათ წინა დღეებში დადასტურებულ შემთხვევებთან.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "ხოფის" ბაზრობა ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცეა, სადაც 4 000 ადამიანია დასაქმებული და ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ათასობით მომხმარებელი მოძრაობს, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული ეპიდემიოლოგები კონტაქტების საკმაოდ დიდ რაოდენობაზე გავიდნენ.

იქ მომუშავე ადამიანებზე დაწყებულია PCR ტესტირების ჩატარება. შესაბამისად, სინჯების პასუხები ხვალ დღის ბოლომდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

"გუშინ მუშაობდნენ, იყვნენ სამსახურებში გამოსულები და ჩემი ინფორმაციით, დაუფიქსირდა ორივე მამა-შვილს კორონავირუსი. ხვალისთვის, სავარაუდოდ ბაზრობის ტერიტორია იქნება დახურული. ჯანდაცვის სამინისტროდან აპირებენ მოსვლას და ყველანაირი კვლევის ჩატარებას. მეზობელ მოიჯარეებზე ავიღებთ ტესტირებას, ვნახავთ მათაც თუ აქვთ ვირუსი," - განაცხადა ბაზრობის დირექტორმა ზვიად მელიქაძემ.

ასევე ცნობილია, რომ დღეს ზღვისპირა ქალაქში სულ 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათგან ერთი ახალი შემთხვევა სასწავლო დაწესებულებას უკავშირდება. ინფექცია ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

დღის ამბები