29 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
დაცვა მოწმეებს - შაქარაშვილის საქმის მოწმეების ადვოკატები სახელმწიფოს მოთხოვნას უყენებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ. მთავარი მოთხოვნა მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის დაცვის დანიშვნაა.

საბაბი გლდანის მე-8-ე დაწესებულების საკანში გადაღებული კადრებია, რომელშიც ბრალდებულები ანგარიშსწორებასა და ზეწოლაზე საუბრობენ. მასალა ტვ "პირველმა" გაავრცელა.

მოწმეების ადვოკატები აცხადებენ, რომ აუცილებელია მათი ინტერესი სახელმწიფომ  ძალიან მკაცრად დაიცვას.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას მოწმეების და დაზარალებულების ინტერესი.

მისი თქმით, ბრეგვაძემ გამოძიებას სრულად მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც იცოდა.

"მივმართავ სახელმწიფო ორგანოებს, მათ აქვთ პოზიტიური ვალდებულება, რომ დაიცვან დაზარალებულების და მოწმეების ინტერესი. აქედან გამომდინარე, მე მათ ვთხოვ, რომ აღნიშნულით დაინტერესდნენ. საუბარია, რომ თითქოს სიმართლე უნდა თქვას, თუმცა რაც მან იცოდა, უკვე ყველაფერი თქვა,"- ირმა ჭკადუა.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი კახა წერეთელი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რაც ვიდეოჩანაწერებშია, სასამართლომ უნდა შეაფასოს. ასევე, ის აცხადებს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ მოწმეები დაიცვას.

ვიოდეოჩანაწერებს ღირებულ მტკიცებულებად არ აღიქვამს მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი და აცხადებს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ემოციური ფონი, რაც ბრალდებულებს აქვთ და სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს ჩანაწერები.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 5 პირს კი სასამართლო ჯგუფურ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

გუშინ კი ტვ "პირველმა" გაასაჯაროვა კადრები, გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა 18 ივნისის ღამეს მოვლენები.

დღის ამბები