აჭარაში დაფიქსირებული კორონავირუსის 13 შემთხვევიდან, ეპიდემიოლოგები 2 ადამიანის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ. ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მიმდინარეობს კვლევა და სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი, თუ საიდან დაინფიცირდა ტელევიზიის თანამშრომელი.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში სულ კორონავირუსის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 7 "დონას" კლასტერს უკავშირდება, ნაწილი დაავადებულ პირებთან კონტაქტირებული შემთხვევაა, 2 მათგანის წყარო კი, კვლევის პროცესშია,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.
ქართულ მედიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაფიქსირდა, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი კადრების განყოფილების თანამშრომელს დაუდასტურდა.
შექმნილი ვითარების გამო არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა.